საძიებელი

ფოთის ისტორია

             ქალაქი ფოთი (ფაზისი) საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანია. იგი წარმოიქმნა მდინარე რიონის ქვემო წელზე მცხოვრებ უძველეს მოსახლეობათა საფუძველზე ძვ.წ.აღ. VI საუკუნეში.  სახელწოდება ფაზისი ქალაქმა მიიღო მდინარე რიონის ძველი სახელისაგან. IV საუკუნის (ძვ.წ.) ბერძენი მწერლის ფვსევდო სკილაქ კარიანდელის ცნობით, მდინარე ფაზისის ზღვაში შესართავთან გაშენებულია ელინთა ქალაქი ფაზისი.  ქალაქი ფაზისი წარმოადგენდა მაღალგანვითარებულ, მრავალდარგოვან, ხელოსნური წარმოებისა და ვაჭრობის ცენტრს. ფართო იყო მისი ურთიერთობის სფერო ბერძნულ სამყაროსთანაც, რომლის მეშვეობითაც ფოთი მთელ აღმოსავლეთსაც უკავშირდებოდა.
          ბერძნულ სამყაროში ოქროს საწმისზე შექმნილი მითი ირიბად მეტყველებს   კოლხეთის სამეფოს დაწინაურებაზე . მითის თანახმად ,ჯადოსნური ოქროს ვერძით ,კოლხეთში მეფე აიეტთან მოფრინდა ქალღმერთ ნეფელეს ვაჟი ფრიქსოსი. აქ მან ვერძი მსხვერპლად შესწირა ზევსს-ბერძენთა უზენაეს ღმერთს, ხოლო მისი ოქროს ტყავი (საწმისი) არესის -ომის ღმერთის  ჭალაში ჩამოკიდა.საწმისს  ურჩხული (დრაკონი) იცავდა. მოგვიანებით ,ოქროს საწმისის დასაბრუნებლად, კოლხეთში ხომალდ “არგოთი“ გამოემგზავრენ იასონი და მისი თანმხლები პირები- არგონავტები. აიეტის ქალიშვილის – მედეას დახმარებით, რომელსაც მითის მიხედვით იასონი შეუყვარდა, მათ შეძლეს ოქროს საწმისის მოტაცება და საბერძნეთში დაბრუნება.
           ძვ.წ Iს-ის პირველი ათეულის დამლევს პონტოს მეფე მითრიდატ ევპატორმა კოლხების ძლიერი სამეფო დაიმორჩილა და მისი ერთ-ერთი ეკონომიური ცენტრი და ნავსადგური ქალაქი ფაზისი ხელში ჩაიგდო.მაგრამ მითრიდატეს ბატონობას კოლხეთში ბოლო მოუღო რომაელთა შემოსევამ საქართველოში. რომაელებმა ფაზისში თავიანთი ჯარი ჩააყენეს. დაანგრიეს ქალაქის ხის გალავანი და მის ნაცვლად ახალი ქვის გალავანი ააგეს. 555წელს ირანელი და რომაელი ჯარების სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად ქალაქმა ფაზისმა დიდი აოხრება განიცადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, თავისი საერთაშორისო მნიშვნელობა მაინც არ დაუკარგავს.
              ადრე ფეოდალურ ხანაში ქალაქი ფაზისი კვლავ ინარჩუნებდა დიდი სავაჭრო ქალაქის მნიშვნელობას. საქართველო შავი ზღვით უკავშირდებოდა დასავლეთის ქვეყნებს, რიონი-მტკვრის   სანაოსნო გზით კი სამხრეთ-აღმოსავლეთის სახელმწიფოებს.უცხოელ ვაჭრებს კოლხეთიდან გაჰქონდათ რკინა, ხე-ტყე, ოქრო, სელი, ტყავეული, კოლხური ხოხობი. ბერძენ ვაჭრებს შემოჰქონდათ ნელსაცხებლები, ზეითუნის ზეთი, მარცვლეული, სამკაული დაკერამიკის ჭურჭელი. ამავე ხანაში ფოთი იყო ბიზანტიურ სამყაროში კარგად ცნობილი კულტურული ცენტრი. ბიზანტიელი ორატორი და ფილისოფოსი თემისტე (317-338წ) იძლევა უდაო ცნობას ქალაქ ფაზისში უმაღლესი სკოლის არსებობის შესახებ. ქართველი მეცნიერები კოლხეთის აკადემიის დაარსების თარიღად III საუკუნის შუა ხანებს თვლიან. რუდოლფ შტაინერის ცნობით კოლხეთის აკადემია VII – VIII საუკუნეებშიც არსებობდა. ეს საკითხი მომავალი კვლევის საქმეა. ამ აკადემიაში უსწავლიათ: ბერძენ ფილისოფოსებს ევგენიოს და მის შვილს თემისტეს, შალვა ნუცუბიძის მტკიცებით იბერიის უფლისწულს ბაკურს.  კოლხეთის აკადემიაში ასევე მოღვაწეობდა გამოჩენილი ქართველი მოაზროვნე პეტრე იბერი. 
              ქალაქი ფაზისი ფოთად ოფიციალურ ისტორიულ ლიტერატურაში პირველად მოხსენებული აქვს VIII საუკუნის სომეხ ისტორიკოსს ღევონდის .  ქართულ წყაროთა შორის ქალაქი ფოთი პირველად გვხვდება XI საუკუნის ძეგლში „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“ .ამ ცნობის თანახმად საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნებული გიორგი ათონელი ქ.სამსუნიდან ნავით ფოთის ნავსადგურში შემოსულა.
            ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო კოლხეთი და კერძოდ ფოთი მეზობელ ქვეყნებს შორის ქიშპობის საგანს წარმოადგენდა. 1578 წელს ფოთი თურქებმა დაიპყრეს .აქ ციხეც ააშენეს. (ღღიესათვის შემორჩენილია კოშკის შესასვლელი ნაწილი, დანარჩენი ნაწილის ქვები კი  ნავსადგურში მოლის მშენებლობის დროს გამოუყენებიათ).აქედან მოყოლებული მცირე ინტერვალებით, თურქები თითქმის ორნახევარ საუკუნეს ბატონობდნენ ფოთში. ქალაქის განთავისუფლებას ხელს უშლიდა საქართველოს პოლიტიკური დაქუცმაცებულობა. ფოთი თურქებისაგან საბოლოდ განთავისუფლდა 1828 წელს, რაც 1829 წელს ადრიანოპოლის ზავით ოფიციალურად დადასტურდა. ქალაქის განთავისუფლების შემდეგ ერთიორად გაიზარდა რუსეთის მეფის მთავრობის ინტერესები ამ მხარეში.თურქთა ბატონობისაგან ფოთის ციხის განთავისუფლებას კავკასიის მეფისნაცვალები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ.ციციანოვს უთქვამს:„სამეგრელო ფოთის გარეშე არაფერს წარმოადგენს“.მისი აზრით ფოთი უფრო დიდი შენაძენი იქნებოდა,ვიდრე მთელი სამეგრელო. ჯერ კიდევ 1828 წელს, ნიკოლოზ პირველის დავალებით, გზათა მინისტრმა ფოთში ნავსადგურის მოსაწყობად გამოგზავნა ინჟინერ-კაპიტანი ჩადაევი. ხოლო 1831 წელს გენერალ-მაიორი პოტიე. ჩატარებული კვლევა-ძიების საფუძველზე შედგა ნავსადგურისა და შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე სამდინარო მიმოსვლის პროექტები.
       1858 წლიდან იწყება სამუშაოები ნავსადგურის შიდა აუზის შესაქმნელად.1832 წელს ბარონმა როზენმა რედუტ-კალედან (ყულევი) ფოთში გადმოიტანა სახელმწიფო და საბაჟო დაწესებულებები. 1858 წლის 18 ნოემბერს, იმპერატორ ალექსანდრე მეორის ბრძანებულებით, დამტკიცებულ იქნა დებულება „სანავსადგურო ქალაქ ფოთის დასახლებისა და მმართველობის შესახებ“,  რითაც განისაზღვრა ქალაქის დასახლების წესი და მმართველობის სისტემა. 1859 წლის 1 იანვრიდან ფოთი ქალაქად გამოცხადდა. ამ პერიოდში ფოთში იმყოფებოდა ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა (მამა), რომელმაც ეს ამბავი ასახა თავის ნაშრომში „კავკასია“. 1858 წლიდან 1872 წლამდე, ფოთიდან ორპირამდე, კვირაში ორჯერ მოძრაობდენ ორთქლის გემები -“თავადი ბარიატინსკი„ ,“გოლუმჩიკი„ და სხვა. ამ გემების საშუალებით უცხოუელ და რუს ვაჭრებს ორპირში ჩაჰქონდათ შალეული, ტილო, მაუდი, შაქარი, მარილი და სხვა. სანაცვლოდ  ფოთში ჩაჰქონდათ ხეტყის მასალა, ნედლი აბრეშუმი, ბამბა, ღვინო.
       1867 წლის ზაფხულში დაიწყო რკინიგზის მშენებლობა.  4 წლის მუშაობის შემდეგ 1872 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ფოთი-თბილისის რკინიგზა. ამავე წლის 14 აგვისტოს ფოთში პირველი მატარებელი შემოვიდა. რკინიგზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაადვილდა საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში მიმოსვლა. სხვადასხვა პროვინციიდან უცხოეთში გასატანად ფოთში ჩამოჰქონდათ ხე-ტყის მასალა, ღვინო, სიმინდი და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები.1872 წლიდან 1885 წლამდე ბაქოს ნავთობის გატანა თბილისი-ფოთის რკინიგზით ხდებოდა. ამიერკავკასიისათვის ეს იყო ეპოქალური მნიშვნელობის მოვლენა.გაიზარდა ამიერკავკასიის სამრეწველო და სავაჭრო პოტენციალი.რკინიგზის მშენებლობაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის ნ.ნიკოლაძე დააჯილდოვეს რკინიგზელის ოქროს ჟეტონით.ამ ჟეტონით მას უფლება ჰქონდა უფასოდ ემოგზაურა რუსეთის იმპერიის რკინიგზაზე პირველი კლასის ვაგონით.
        1863 წელს, ინჟინერ-პოლკოვნიკი შავროვის პროექტით, დაიწყო ფოთის ნავსადგურის მშენებლობა. ახლადშექმნილი ნავსადგურის ნავმისადგომები მოუწყობელი იყო ტექნიკური თვალსაზრისით, ხშირად, უმნიშვნელო ქარის დროსაც კი, ნავსადგურში მდგომი გემები ღია ზღვაში გადიოდნენ. აუცილებელი გახდა ნავსადგურის ძირფესვიანი გადაკეთება და კეთილმოწყობა. ნავსადგურის რეკონსტრუქციის პროექტებიდან ყველაზე სრულყოფილი იყო პროფესორ ვოზნესენსკის პროექტი, რომლის განხორციელებას სათავეში ჩაუდგა პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე. 1894 წელს იგი ერთხმად არჩეულ იქნა ქალაქის თავის თანამდებობაზე. ნ.ნიკოლაძის დიდი ეკონომიკური ალღოს წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ქალაქის ფინანსური მდგომარეობა. 1897 წელს მან მიიღო ნავსადურის გადაკეთების ნებართვა. ამ მიზნით გამოყოფილ იქნა 3 953 000 მანეთი. ნავსადგურის რეკონსტრუქცია 1905 წლის დასაწყისში დამთავრდა და ამავე წლის 15 მარტს ოფიციალურად გაიხსნა ნავსადგურის ახალი შემოსასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან, რითაც  ძირეულად გაუმჯობესდა მისი ექსპლუატაციის პირობები. ფოთის ნავსადგურის მშენებლობაზე საერთო დანახარჯი 1863 წლიდან 1907 წლამდე შეადგენდა 16 000 000 მანეთს. 
         1908 წელს განხორციელდა ქალაქ ფოთის ელექტროფიკაცია. განათდა ნავსადგური და რკინიგზა. 1912 წლამდე გაყვანილ იქნა წყალსადენი. 1904 წლის მეორე ნახევარში დამთავრდა და ექსპლუატაციაში შევიდა კათედრალური ტაძარი, რომელიც ქალაქის ნაგებობათაგან ერთ-ერთი ულამაზესი შენობა იყო. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის არმიის გადამდგარი ოფიცრის  ადამ პავლეს-ძე კურკოვსკის ძალისხმევით გაშენებულ იქნა  ულამაზესი ბაღი(დღევანდელი ქალაქის ცენტრალური პარკი).
          დღეს ფოთი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ფუნდამენტურ რეგიონად მიიჩნევა. ფოთის საზღვაო ნავსადგური შავი ზღვის აუზის უდიდესი ნავსადგური და კავკასიაში მშრალი ტვირთების მომსახურე უდიდესი პორტია. იგი მდებარეობს ტრანსეკას კორიდორზე და წარმოადგენს კავკასიის სატრანზიტო, სატრანსპორტო ქსელის უდიდეს სეგმენტს.  ფოთს ევროპა - აზიის კორიდორში მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრა. 2008 წლის 15 აპრილს ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის პრეზენტანცია გაიმართა. თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნა საქართველოს ეკონომიკაში ახალი სიტყვა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ახალი ტალღაა – განაცხადა პრეზიდენტმა.  ამ დღეს ოქროს საწყისი ეწოდა. 
            ფოთის საზღვაო ნავსადგური, დღევანდელი მსოფლიოს სინამდვილეში, თავისი ისტორიული და გეოგრაფიულ - ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე კავკასიური დერეფნის ერთ-ერთ საკვანძო პუნქტს წარმოადგენს.
              ფოთის განვითარების გეგმა გლობალურ პროექტებს ითვალისწინებს. დაგეგმილია მდინარე რიონის გადაკეტვა და ახალი აკვატორიის შექმნა. ნავსადგურის მოდერნიზაციის პროექტში აქტიურადაა ჩართული ევროკავშირი . საერთაშორისო გადაზიდვებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს სარკინიგზო - საბორნე კომპლექსს, ფოთი - ილიჩოვსკი - ვარნა, რომელიც ფოთის ნავსადგურს უკრაინისა და ბულგარეთის ნავსადგურებთან დააკავშირებს.