საძიებელი

ნიკო ნიკოლაძის კოშკი

                ქალაქის ცენტრალური მოედნის დასავლეთით დგას სამსართულიანი კოშკი, რომელიც ,,ნიკოლაძისეული კოშკის” სახელითაა ცნობილი, ალბათ იმიტომ, რომ მისი რეკონსტრუქცია, რითაც მას ამჟამინდელი სახე მიეცა, ნიკო ნიკოლაზის სახელთან არის დაკავშირებული, ამასთან ნიკო ნიკოლაძე ფოთში მოღვაწეობის წლებში (1894-1912წწ.) აღნიშნულ კოშკში ცხოვრობდა.        ფოთი გვიან ფეოდალურ ხანაში ქალაქი იყო. აღსანიშნავია, რომ მას, როგორც ციხეს და ნავსადგურს, შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა.        ამჟამინდელი კოშკი არ არის უძველესი არქიტექტურული ნაგებობა, მაგრამ  მნახველს მაინც აღუძრავს ასოციაციას იმის შესახებ, რომ იგი არის XVI საუკუნეში აგებული ფოთის ციხე-ციმაგრის ნაშთი, რაზედაც მიუთითებს კოშკის მარჯვენა და მარცხენა მხარეს შემორჩენილი ციხიც გალავნის ნაწილი.        XVI ს-ის 70-იან წლებში აგებული ფოთის ციხე-სიმაგრე სამეგრელოს მთავარს დაუნგრევია XVII ს-ში. ამის შესახებ აღნიშნავს 1654 წელს გამოცემულ წიგნში ,,სამეგრელოს აღწერა” იტალიელი მისიონერი არქანჯელო ლამბერტი-ზოგიერთის მტკიცებით ფოთის ციხე თურქებს აუგიათ 1578 წელს. ამასვე ადასტურებს ფრანგი მოგზაური შარდენი, რომელიც აღნიშნავს, რომ იმერეთ-გურია-სამეგრელოს გაერთიანებულმა ლაშქარმა 1640 წელს აიღო და დაანგრია ფოთის ციხე-სიმაგრეო.       საისტორიო წყაროებიდან ირკვევა, რომ 1723-1725წ.წ. ფოთში თურქებს ციხე კვლავ  აუშენებიათ. ამასვე მიუთითებენ ვახუშტი ბაგრატიონი და რუსი სამხედრო მოხელეებიც. საგულისხმოა, რომ ეს ციხე უნდა ყოფილიყო XVI ს-ში აგებული ციხის სტრატეგიული გაგრძელება, რომელიც ალბათ აღადგინეს თურქებმა ამ მხარეში ხელმეორედ გაბატონებისთანავე.
      ფოთის ციხე ტყვეთა ვაჭრობის ერთ-ერთ ცენტრს წარმოადგენდა იგი 1828 წელს რუსეთ საქართველოს გაერთიანებულმა ლაშქარმა საბოლოოდ გაანთავისუფლა თურქთა მფლობელობისაგან.
      1870 წელს ეს მხარე დაუთვალიერებია იმპერატორ ალექსანდრე II-ს. იმპერატორის დასახვედრად გაჩაღებულ სამზადისში თავისთავად სახე უცვლიათ ფოთის ციხისთვისაც, რადგან ეს ციხე შავი ზღვის სანაპიროზე თურქთა ბატონობის სიმბოლოს წარმოადგენდა შეუცვლიათ ციხის გარეგნული ხედი მოუშლიათ ციხის შიგნით გამართული მეჩეთი, ხოლო შესასვლელთან დაუშენებიათ ორსართულიანი კოშკი, რომელიც კონუსისებური ხის შპალით მთავრდებოდა. 
    XIX-ის 90-იან წლებში კოშკი გადაკეთებულ იქნა ნიკო ნიკოლაძის მიერ  რომელსაც მოურღვევია  კოშკის ხის ნაწილი და აგურისგან დაუშენებია მეორე და მესამე სართულები, ზედა სართულზე კი დაუმონტაჟებია საფრანგეთიდან ჩამოტანილი საათი და დღეს წარსულის ეს ძეგლი ამ სახით არის შემორჩენილი.